Smart start-ის ბიბლიოთეკა

«ჩვენ ბავშვებს გუშინწინდელი სამყაროსთვის ვამზადებთ»

- გვაფრთხილებს
ფსიქოლოგი ლუდმილა პეტრანოვსკაია


ნაწილი 2
შეხედეთ, რამდენი შესაძლებლობაა დღეს, საიმისოდ, რომ სრულყოთ თქვენი განათლება, თუ თავის დროზე ის არ ან ვერ მიიღეთ... და ეს გახლავთ მოდელი, რომლისკენაც მივიწევთ. ჩვენ ვისწავლით მთელი სიცოცხლის მანძილზე, და არაერთხელ. ვისწავლით და კიდევ დავამატებთ ამ ნასწავლს ცოდნას, ან სრულად შევცვლით ახლით. ეს პროცესი გაწერილია მთელ ცხოვრებაზე.

თუ ჩვენ ბავშვს ყოველთვის ყველაფრის ხარისხიანად გაკეთებას მოვთხოვთ, მას არ ექნება შანსი გახდეს ვინმე, საკუთარ თავზე უფრო უკეთესი

ჩვენ ხომ ვაცნობიერებთ, რომ მას აქვს შანსი, შექმნას წარმატებული კარიერა, სწორედ იმის ხარჯზე, რაც ძალიან აინტერესებს.
თანამედროვე მშობლების პრობლემა გახლავთ ის, რომ ისინი საშინლად ავიწროვებენ ბავშვებს, რათა რეალობისთვის მზადყოფნაში მოიყვანონ - მაგრამ ამავდროულად, მე მესმის, რომ ეს უსასრულო ძალისხმევა იხარჯება იმ სამყაროსთვის, რომელიც იმ დროისთვის, როდესაც ეს პატარები სრულწლოვანებას მიაღწევენ, უკვე გუშინწინდელი იქნება, - ვფიქრობ, სადღაც, მათაც ესმით, მაგრამ იმდენად არ შეუძლიათ შეგუება იმასთან, რომ მათ შვილს არ ეცოდინება ინგლისური 7 წლის ასაკში და კითხვა მას 5 წლისას, ან რამე ასეთი, რომ ვერაფერს უხერხებენ საკთარ თავს.

დღესდღეობით, რა საშუალება აღარ მოიძებნება, რისი წრე აღარ არსებობს, რამდენი რამ გახდა ხელმისაწვდომი... შდედეგად კი მივიღეთ ის, რომ უამრავ ბავშვს უკვე 5 წლის ასაკში აღარ აქვს დრო, რომ გემრიელად ითამაშოს. ერთი გაკვეთილიდან მეორეზე მიდის, მეორედან მესამეზე და ასე.
არის ასეთი ტენდენციაც: თუ ბავშვი თავად არის ამით დაკავებული, ეს ხშირად სულაც არ იწვევს მშობლებისგან პატივისცემით დამოკიდებულებას: "რა სისულელეს აკეთებ? კარგი, ცოტა ითამაშე დავალებებს შორის და მერე კიდევ გააგრძელე დამატებითი ინგლისურის გაკვეთილიდან რომ მოხვალ" .
თუმცაღა, ისევ და ისევ, გვესმის და ვიცით, რომ მას, თითოეულ ადამიანს, ამ ცხოვრებაში წარმატებული კარიერის შექმნის შანსი, სწორედ, რაც აინტერესებს იმისი სწავლით და სრულყოფით აქვს.

ბავშვს სჭირდება ჩვენი პატივისცემა მის პიროვნებასა და ინტერესის სფეროსთან მიმართებაში. რაშიც ის საკუთარ თავს, ნამდვილ ოსტატად, როგორც მათ ახლა უყვართ თქმა "მასტერად" ან "პროფად" მიიჩნევს. სწორედ აქ ისმება მთავარი რიტორიკული კითხვა: თუ რა უნდა აკეთოს მან ხარისხიანად და რა ნელთბილად.
თუ ჩვენ ვითხოვთ ბავშვისგან ყველაფრის ხარისხიანად გაკეთებას, მას არ ექნება შანსი გახდეს ვიღაც უკეთესი იმ ერთ ან რამდენიმე სფეროში, რომელიც აინტერესებს, არადა თანამედროვე სამყაროში, სწორედ, ეს არის წარმატების საწინდარი და არა სწორხაზოვანი " ყველაფერი ხუთიანზე".
საბოლოო ჯამში მშობლებისა და სკოლის ზეწოლას (რა თქმა უნდა, აქ სკოლა მშობლებს კიდევაც აგულიანებს და აქეზებს) შეუძლია მდგომარეობა იქამდე გაამწვავოს, რომ ბავშვებიც აცნობიერებენ, როგორ წაართვეს საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები, რომ ისინი თავად აღარაფერს წყვეტენ და მათ ცხოვრება გაუთავებელი იქეთ - აქეთ, იქეთ - აქეთ სიარულია, მშობლის თითის მიმართულებით და ეს მათში, სულ მინიმუმ, უდიდეს სტრესს იწვევს, ამ ნაყოფს ისინი მოზრდილობაში იმკიან.

ხშირად შეხვდებით რწმუნებულებას, რომ ამდენი სწავლა, ამდენი წრე, ასეთი ჩქარი რიტმი განმავითარებელი გარემოებაა დღევანდელობაში და მისთვის ფეხის აყოლა აუცილებლობას წარმოადგენს. მაგრამ ბავშვებს, - დიახ, ისინი ბავშვები არიან, - ხანდახან არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, ან სულაც ცოტა დრო, რომ უბრალოდ, ილაქლაქონ მეგობრებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. ან ისე, ჩამოსხდნენ სკამზე, ფეხები აქანაონ და უმზირონ ღრუბლებს. მათ წავართვით "არაფრის" კეთების უფლება.

რატომღაც ითვლება, რომ ძალიან მაგარია, თუ ადამიანს წუთით არ აქვს თავისუფალი დრო, სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ მას თავის მოსაფხანად არ სცალია.თუ ის დაკავებულია და ხშირად ვერ იცლის ფიქრისთვის, ღრმა აზროვნებისთვის, განცდების გამოკვლევისთვის, შეგრძნებებისთვის... მას არ აქვს რამდენიმე ძალდაუტანებელი საათი, წვიმას რომ უყუროს და ერთი გემრიელად მოიწყინოს; ან ჩაი მოხვრიპოს სიმშვიდეში და თავისუფლებით დატკბეს. თანამედროვე ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელი რამაა, რადგან მას, სადღაც, 5 წუთში ეს აქვს გასაკეთებელი, 10 წუთში ის, კიდევ ხვალის გეგმები უნდა შეამზადოს ამა და ამ საქმისთვის და ასე უსასრულოდ.

რა უნარები დასჭირდებათ ბავშვებს მომავალში?

"4კ": კომუნიკაცია, კოლეგიალობა, კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება
მაშინ, როდესაც სრულიად თანამედროვე სამყარო მოითხოვს სრულიად საპირისპიროს: ჩართულობას, ენთუზიაზმს, სიხარულს.

სპეციალისტები გამოყოფენ ოთხ კომპეტენციას, რომელიც მეტნაკლებად დასჭირდებათ ბავშვებს იმ დროისთვის, იმ თანამდროვეობისთვის, რომლის ფესვებიც უკვე ჩვენს აწმყოში იკვეთება. მას ოთხ "კ"-ს ეძახიან: კომუნიკაცია, კოლეგიალობა, კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება.
მე ახლა მათ ნელ-ნელა გავშლი, თქვენ კი იფიქრეთ როგორ გადის იოლად ამ ყველაფრის გარეშე თანამედროვე სკოლების 99% თუ ყველა არა.

კომუნიკაცია. რა ხდება, როდესაც ჩვენი შვილები ერთმანეთს გაკვეთილზე ესაუბრებიან? ვასწავლით თუ არა მათ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს? მახსოვს, ერთხელ მასწავლებლებთან რომ ვატარებდი ტრენინგს იქ ახალგაზრდა ადამიანებიც იყვენენ, რომლებიც ჩარჩოებს და "ენას კბილი დააჭირეს" ჯერ კიდევ არ მოექციათ თავისი გავლენის ქვეშ და როდესაც მათთან გავაკეთე ასეთი სავარჯიშო - რეალურად, როგორ ბავშვს გვინდა, ვხედავდეთ გაკვეთილზე, მათ პირდაპირ მიპასუხეს: "მუნჯს და პარალიზებულს". კლასის ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი ამას არასდროს გეტყვით პირდაპირ. ისინი ამბობენ: "ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს განვუვითაროთ პიროვნულობის აღქმა, რომ ისინი აქტიური მოქალაქეები გაიზარდონ". რომლის პარალელურადაც, თქვენც კარგად იცით, რომ : "ბიჭო! პირი დამუწე და დაჯექი" - რეპლიკები გაისმის.
რა კომუნიკაციაზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი?

უამრავი მშობელი პრეტენზიით გვეუბნება ხოლმე: "დიახ, დადის სკოლაში, მაგრამ იმისთვის, რომ იქ დრო გაატაროს და ურთიერთობა ჰქონდეს მეგობრებთან". ღმერთო ჩემო, და ვინმე დადის სკოლაშ იმისთვის, რომ ის ისწავლონ, რისი სწავლაც, ნამდვილად, აუცილებელია? ბავშვები ძალიან შემოქმედებითები არიან, მათ შეიძლება შეუქმნათ სწავლისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო გარემო და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ისინი მაინც მიაგნებენ იმას, რისი შესწავლაც შეიძლება. მათ ძალიან უყვართ შეცნობა.

კოლეგიალობა/თანამშრომლობა – ეს სხვა ადამიანებთან ერთად შეთანხმებით, კოორდინირებულად მოქმედების უნარი, რესურსების სინერგიაა. ეს უნარი სკოლაში ისწავლება? ბევრი მაგალითი იცით, როდესაც იქ გუნდური მუშაობა ტარდება? წარმოიდგინეთ, რომ საკონტროლოს ან რომელიმე საგამოცდო საკითხისთვის მოსამზადებელი სამუშაო ყოფილიყო ასეთი: მასწავლებელს დაეყო ბავშვები ჯგუფებად და ეთქვა: " თქვენ, ხუთნი, იქნებით ერთი ჯგუფი რომელსაც ხვალისთვის დაევალება - ამ საკონტროლო ტესტის შესრულება". ეს ხუთი ბავშვი მიდის რომელიმესთან სახლში, სხდებიან სადმე მყუდრო კუთხეში და ერთობლივად მუშაობენ მათთვის დავალებული ამოცანების ამოსახსნელად. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვები განსხვავებულები არიან, მათ მომზადების სხვადასხვა დონე აქვთ არსებულ საკითხთან მიმართებაში.

იცით, რას ამბობენ ჩვენი მასწავლებლები, როდესაც ამას ვთავაზობთ? "როგორ გავიგებ, რომ რომელიმემ არ/ვერ დაწერა? ან როგორ გავიგებ, რომ ამან დაწერა და იმან არა? ან რომ ამან არ დაუწერა ყველას?" იცით, რა, განა ასე არ იქცევიან უფროსები? მაშ რა არის კოლეგიალური შრომა? თუ შეხედავთ, როგორ მუშაობს თქვენი ფირმა, თქვენი განყოფილება, თქვენი პატარა თანამშრომლების ჯგუფი, სადაც გინდათ იყოთ, რას დაინახავთ? : ჯგუფს ეკისრება ამოცანა, ისინი მიდიან, ინაწილებენ სამუშაოს, ერთს იდეა მოსდის და ხმამაღლა აჟღერებს, მეორე დაწვრილებით იწერს, მესამე შიგადაშიგ აკრიტიკებს, მეოთხე ყველას ამხნევებს და ეუბნება, რომ ძალიან მაგრები არიან, ხოლო მეხუთეს ყავა მოაქვს, ესეც აუცილებელია, რას ხედავთ? ეს არ არის რესურსების სწორად განაწილება? განა ეს დისბალანსი და ცუდი მიდგომაა?

დიახ, ჩვენ, უფროსებს, რატომღაც, ვაძლევთ ასე მუშაობის უფლებას. თუმცა რაღა რატომღაც: უფროსები ფულის გულისთვის ვმუშაობთ და თუ ამისთვის ეფექტურ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, და ეს, ნამდვილად, ეფექტური მეთოდებია, გავკოტრდებით, ბავშვებს კიდევ ვტანჯავთ, რადგან ვალდებულება გვაქვს ასეთი. თანამშრომლობა, კოლაბორაცია ითვალისწინებს უნარების და მოვალეობების გადანაწილების ძირითად კომპონენტებს, ძლიერი მხარეების მიზანმიმართულად გამოყენებასა და შეთანხმებულად მოქმედებას შორის. ხოლო თუ ყველა ერთი მიმართულებით მიდის და ამ ყველას ერთი ვინმე მეთაურობს - ეს არ გახლავთ თანამშრომლობა.

ასწავლიან სკოლაში თანამშრომლობას? არა. მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი პირველობისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. მასწავლებლები პირდაპირ იმის გამორკვევის ვალდებულებას იკისრებენ ხოლმე: "როგორ გავიგოთ, რომელმა ამოხსნა ეს ამოცანა?", "როგორ გავიგოთ, რომ ყველამ იცოდა, რანაირად უნდა ამოეხსნა?" იცით რა, დიახაც, აი, ამას, ამას და ამას თავად არ ამოუხსნია, მაგრამ მათ შექმნეს ამ ამოცანის ამოსახსნელად შესაფერისი გარემო და როდესაც ერთ-ერთი ჭეშმარიტ პასუხამდე მივიდა, მან დანარჩენებსაც შესანიშნავად გააგებინა ყველაფერი. მათ კი აღიქვეს უფრო კარგად, ვიდრე მაშინ, როდესაც მასწავლებელი ხსნიდა.

კრეატიულობა. გვაქვს ბავშვებში კრეატიულობის წახალისების ჩვევა? ზოგადად, ალბათ, კი, თუ კი ჩვენ ვმართავთ სიტუაციას, თავად ვიღებთ თემას და ვაწვდით: "ააახლა ყველა ვხატავთ ახალ წელს". როდესაც ბავშვიც, ცხადია, "თავად ირჩევს" ნაძვის ხეზე კანფეტებს დაკიდებს, ბურთებს თუ ყინულის ლოლოებს. ეს კრეატიულობაა, ჩვენებური.
რამდენად ვართ მზად იმისთვის, რომ მას ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, რაც უნდა ის დახატოს? აი, ხომ ნაძვის ხე გვაქვს შეკვეთილი და უცაბედად ბავშვი ხატავს საკუთარ თავს, მარტო მჯდომს სკამზე, მოდის და გვეუბნება: "ეს ჩემი ახალი წელია, რადგან მე ახალ წელს მარტო ვიქნები და მოვიწყენ". მასწავლებლები უკეთეს შემთხვევაში, ხელს დავავლებთ და სკოლის ფსიქოლოგთან მივაბრძანებთ გაფართოებული თვალებით და მის ამ გონებაგახსნილობას დაუყოვნებლივ მოჰყვება დამსჯელობითი ჯილდო, ხანგრძლივი განმარტება გაუგებარ კითხვებზე, თუ რატომ არის მოწყენილი და რატომ აქვს მარტოობის განცდა, დაუყოვნებლივ შევატყობინებთ მშობელსაც. მერე კი ეს ბავშვი მომავალში კარგად დაფიქრდება ვიდრე, სადმე, ოდესმე კრეატიულობას კიდევ გამოავლენდეს.

რას გავაკეთებთ, რას ვიტყვით, თუ ბავშვი სხვანაირად დახატავს, ვთქვათ, იმავე ნაძვის ხეს ან სხვა შეკვეთილ თემას, თავისებურად მოხაზავს, მისცემს განსხვავებულ ფორმას, სხვანაირ ფონს გაუკეთებს საიმისოდ, რომ საკუთარი გრძნობები გადმოსცეს? ვთქვათ ეს ფერები და კონტურები, ცოტათი ბნელია?სინამდვილში კრეატიულობის იმიტაცია სახელადაა ხოლმე წახალისებული და მისი ფორმა მწირია, ჩარჩოები მკაცრი და ვიწრო: " იცი რა, კარგია, მაგრამ აი ეს ხაზები შეგეძლო ცოტა სხვანაირად დაგეხატა და ეს ფიგურებიც უფრო ალმაცერი რომ ყოფილიყო, ფერები კი ნათელი...". არადა, კრეატიულობის არსი, სწორედ, ჩარჩოების დამსხვრევაა, შაბლონებსიქით გასვლა. ეს არის "ისე გაკეთება, როგორც არავს უქნია ჩემამდე".
არადა, რას გელაპარაკებით. უცებ წარმოვიდგინე, ბავშვმა რომ ესსე ისე დაწეროს, როგორც არაა მითითებული პროგრამაში და როგორც მანამდე არავის უქნია. კი, ნამდვილად, ბევრ რამეს მიიღებს და ქედან ძალიან ცოტა რამ ემსგავსება კარგს, ან ნორმალურ ქულას.

და ბოლოს კრიტიკული აზროვნება. ვავითარებთ ბავშვებში კრიტიკულ აზროვნებას?
იცით რა, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ბავშვებს უცებ კრიტიკული აზროვნება აღმოაჩნდეთ, ადგებიან და ამ სკოლებს დღესვე მიატოვებენ, ვეღარაფრით დავაბრუნებთ მათ უკან.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ კრიტიკული აზროვნების პრობლემატიკა, მხოლოდ, საბავშვო ამბავი არ გახლავთ, ეს უფროსებსაც ეხებათ. მისი მართვა ძალიან ძნელია, ამიტომ, დღესდღეობით, ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ის არ გაგივითარდეთ, არ გაიშალოს, არ ჰპოვოს გასაქანი, არაფერმა გამოკვებოს.
ხოლო თუ, ვაიდა, სადმე თავი ამოყო, ყველა ზემდგომმა იცის, რომ ეს სასწრაფოდ ჩასახშობი ამბავია.

ყველაზე ღირებული, რაც მშობლებს შეუძლიათ შვილებს მისცენ

რა არის უმთავრესი, რითიც ბავშვი უნდა აღჭურვოთ ცხოვრებაში
შეხედეთ, რა უცნაური გარემოებაა, მაშინაც კი, როდესაც ვიცით, საით ვიაროთ, მაინც საპირისპირო მიმართულებით მივედინებით. რაც არის არის, სკოლა სკოლაა - ეგ ჩვენი ცალკე ტკივილია და ტკივილად დარჩება.

მოდით, დავფიქრდეთ საკუთარ თავზე, როგორი მშობლები ვართ? თუ ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, რაზეც ეს-ესაა ვისაუბრეთ, როგორ გვგონია, რა არის ის მთავარი, რითიც უნდა აღვჭურვოთ ბავშვები ამ ცხოვრებაში? რა გავაკეთოთ ამ მოცემულობაში?

გახსოვთ? დ'არტანიანი რომ ემზადებოდა წასასვლელად, მამამ ცხენი მისცა და უთხრა, ყველას ეჩხუბე, ვინც გაქცევას ვერ მოახერხებსო. დედამ ცრემლები დააფრქვია და პურის ყუა გამოუკრა აბგაში. ჩვენ რით უნდა გავავსოთ ჩვენი შვილების აბგა, მას შემდეგ, რაც იმ ყველაფერს ვაცნობიერებთ რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ? როგორ გეჩვენებათ, რა იქნება ყველაზე ღირებული, რასაც მათ საგზლად მივცემთ და გავატანთ?

1. ცხოვრების ფუნდამენტური ღირებულებები

ზოგადად, გაგება იმისა, რომ ღირებულებები არსებობს და რას წარმოადგენს ეს ღირებულებები.

ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნისტულ სამყაროში, სადაც გაურკვევლობის, გაუთვალისწინებლობის, არაპროგნოზირებადი მოვლენების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ გვეჩვენება, რომ არც რამე ღირებულება დარჩა, არც კეთილი და ბოროტი არსებობს დიდად ან მათ შორის სხვაობა დაიკარგა და არც არაფერია "კარგი", და ვერც ვერაფერი "ცუდი".

და უამრავი ბავშვი ახლა სწორედ ასეთ, ნამდვილად, გაუგებარი ღირებულებების ფაფის ჭამით იზრდება, როდესაც ძნელია მიხვდე, როდისაა ნათელი, რაც მოხდა და როდის ბუნდოვანი. რა არის კარგი, რა ცუდი... და ეს იმიტომ რომ, თავად, უფროსები არიან დეზორიენტირებულები.

ჩვენ თავად ვერ ვხვდებით ხოლმე ძალიან ხშირად, სად გვაქვს ასეთი ორმაგი სტანდარტები, რასთან მიმართებაში გამოვხატეთ ისინი. არ ვართ დარწმუნებულები, რომ გვაქვს უფლება გაგვაჩნდეს რამენაირი ღირებულებები ან მათზე ხმამაღლა საუბრის უფლება. ან სულაც,გვჯერა, რომ სხვას არ აქვს უფლება ჰქონდეს ისინი, რადგან ის "რაღაცნაირია".

2. თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა

თავდაჯერებულობა, საკუთარ თავზე დაყრდნობა, რაც self-ს, თითონს გამოხატავს.

პირადად ჩემთან უფრო ახლოს დგას გამოთქმა "საკუთარი თავის ნდობა", უნარი, გრძნობდე, რა გჭირდება პირადად შენ და არ გეშინოდეს ამისი აღიარების, არ გეშინოდეს ამისი ხმამაღლა თქმის და მისი მიღწევის.

სწორედ იმ ადამიანს, ვისაც საკუთარი თავისადმი ნდობითი განწყობა აქვს, ვინც უსმენს საკუთარ სურვილებს და გრძნობს, ზუსტად რა სჭირდება, აქვს გაცილებით მეტი შანსი შექმნას ზუსტად ის ჰორიზონტული კარიერა, რომელიც ყველასთვის თვალის მისაწვდენზე, სამაგალითოდ გამოჩნდება. იპოვოს თავისი კონკრეტული მიზანი, ეგრედწოდებული მისია, რაშიც ის საუკეთესო, ერთადერთი და განუმეორებელი იქნება.

სამწუხაროდ, ის, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით - "მართვის სადავეების ჩამორთმევა" - ყველაზე მეტად ურტყამს საკუთარი თავის ნდობასა და რწმენას. ჩვენ ძალიან ვღელავთ ბავშვებზე, ძალიან ვნერვიულობთ, ჩვენ გვინდა აქ წითლად მოვნიშნოთ, სად არ ვარგა სიარული, იქ გაფრთხილება დავუტოვოთ, აქ ვუთხრათ ორი სიტყვა საკუთარი გამოცდილებიდან, გავაფრთხილოთ, რომ მარჯვენა მხარეს არ წავიდნენ... შედეგად კი, რა თქმა უნდა, ამ საკუთარი თავის ნდობის თვისებას, საკუთარ ძალებზე დაყრდნობის ჩვევას ბავშვებში კატასტროფულად ვლახავთ.

საერთო ჯამში, თუ საკუთარ და სხვა ზრდასრული ადამიანების ცხოვრებას შეხედავთ თქვენ გარშემო, დაინახავთ, რომ არაფერი გვაძლევს ისეთ კონკურენტუნარიან უპირატესობას, როგორც ფსიქოლოგიური სტაბილურობა და ფსიქიური სიჯანსაღე.

ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც-რაღაც წარმატებები. გახსოვთ, როგორი ემოციებით გულშემატკივრობდა ყველა იულია ლიპნიცკაიას, როგორ აღმერთებდნენ მას, როდესაც ის ყინულზე სრიალებდა და მანევრებს ასრულებდა? შედეგად - გოგონას ჰქონდა ანორექსია, მან სპორტი დატოვა. მისი ცხოვრება, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, მადლობა ღმერთს, დიდი სპორტი სრულებითაც არაა ყველაზე მშვენიერი საშუალება ცხოვრების და მთელი ახალგაზრდობის გასატარებლად, კიდევ მოახერხებს საკუთარი თავის პოვნას, მაგრამ ამდენი ენერგია, ამდენი ძალისხმევა, ამდენი მხარდაჭერაც კი აზრს ჰკარგავს, თუ ფსიქიური კეთილდღეობა არ გვაქვს.

თქვენ შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ იმდენი განათლება მისცეთ ადამიანს და ჩადოთ მასში უამრავი დრო და ძალისხმევა, მაგრამ თუ მას დეპრესია მიაჯაჭვავს დივნის 1 კუთხესთან, რაში არგია ეს ამდენი განათლება? თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ბავშვს ტვინი ახადოთ მასწავლებლებით, ქულებით და შედეგებით. მაგრამ თუ ის არ იქნება თავდაჯერებული, თუ მას ნევროზული ფიქრები, ეჭვები და დეპრესია შეაწუხებს, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ფსიქიური ჯანმრთელობა, ფსიქიური კეთილდღეობა, ფსიქიური სიმტკიცე - არის ის, რასაც ინგლისურ ენაში სიტყვა resilience გამოხატავს, -ქართულად, მდგრადობა - უნარი გაუძლო სტრესს, გაუძლო ცვლილებებს და აღიდგინო ძალები ამ ყველაფრის შემდეგ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანურ თვისებებს შორის ასეთ სწრაფადცვალებად სამყაროში. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცოდნის რაოდენობა ან წარმატებულობა ამა თუ იმ სფეროში.

სამწუხაროდ, დღესდღეობით ასეთი გარმეოება გვაქვს, ჩვენ, საიმისოდ რომ წარმატების ნიშნები დავინახოთ, აი ამ მდგრადობას ვებრძვით, ვურტყამთ და ვამსხვრევთ, რადგან გვსურს, რომ აი ახლავე გააკეთოს ჩვენმა შვილმა ის, რაც საჭიროა, უკაცრავად, რაც ჩვენ გვჭირდება, და "დადოს" ის რეზულტატი, რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი.

3. მშობლების მხარდაჭერა

რაკიღა ჩვენ თავადვე ვაცნობიერებთ, რომ შვილს ვუშვებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არაპროგნოზირებადი და გაურკვეველია, ავტომატურად უნდა ვაკეთებდეთ დასკვნას, რომ ის ხანდახან შეცდომასაც დაუშვებს.

ეს, უბრალოდ, ჩაქსოვილი კანონია, ვარიანტი, რომელიც აუცილებლად დადგება. ამ სამყაროში შეუძლებელია შეცდომა არ დაუშვა.

და აქ ჩვენ, მოზრდილებს, გვჭირდება ძალიან ბევრი და ძლიერი მუშაობა საკუთარ დამოკიდებულებებზე შეცდომების მიმართ, როგორ ვიღებთ მათ, როგორც უბედურებას, როგორც დანაშაულის შეგრძნების ახალ მოტივს, როგორც საშინელ შემთხვევას? სხვათაშორის, პრობლება, რომ ჩვენ შეცდომის მიმართ დანაშაულებრივი და უბედურებითი განცდა გვაქვს, სრულად ჩვენს კულტურას უკავშირდება, ეს რაღაც, გენეტიკური ფაქტორივითაა, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის არსის შეგნება. არადა, ცდომილება არაფერია სხვა, თუ არა მინიშნება, რა გვაქვს დასამუშავებელი და სასწავლი. ესაა და ეს.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ თუ თქვენ ყველაფერს სრულიად უშეცდომოდ აკეთებთ, რაზე მიუთითებს ეს? მხოლოდ იმაზე: რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ ამისი კეთება და მეტი არაფერი?
განვმარტოთ: აი, როდესაც დილით კვერცხს წვავთ, თქვენ, სავარაუდოდ, არანაირ შეცდომას არ უშვებთ, რადგანაც ეს ავტომატური ქმედებაა, რომელიც უკვე ბევრი ცდის შედეგად გამოგიმუშავდათ. შედეგი თქვენი განსაწვლულობა სულაც არ გახლავთ, შედეგი არის კვერცხი, რომელიც შეჭამეთ და თქვენი დანაყრება. რეზულტატია ისიც, რომ არაფერიც არ გისწავლიათ აქედან, რადგან იმისთვის არც შეგიწვავთ კვერცხი, რომ ცნობიერება აგემაღლებინათ.

თუ ადამიანი რამეს აკეთებს შეცდომის გარეშე, ნიშნავს, რომ ის ამ დროს არაფერს არ სწავლობს. თუ ის რამე აკეთებს შეცდომებით, ნიშნავს, რომ ის ახალ საქმიანობას ითავისებს.

სანამ ჩვენ არ ვისწავლით, შეცდომების მიმართ გვქონდეს განწყობა, რომ ის ზრდის დასაწყებად უზუსტესი ათვლის წერტილია, სწავლისა და განვითარების აუცილებლად შემადგენელი კომპონენტი, ვიქნებით მტარვალები ბავშვებისთვის, რომლებიც მუდამ დაუშვებენ ამ აუცილებელ, ჩვენთვის საძულველ შეცდომებს - და ვიქნებით თავადაც მუდამ ნაწყენნი ყველასა და ყველაფერზე, გვექნება შინაგანი ნგრევის განცდა არა მარტო საკუთარი, არამედ შვილების შეცდომების გამოც.

მე, რა თქმა უნდა არ მაქვს მხედველობაში ორთოგრაფიული შეცდომა, თუმცა უამრავი ადამიანი ამის გამოც ახერხებს დაიშალოს. მე ვსაუბრობ შეცდომაზე, რომელიც მაგალითად უნივერსიტეტის, პროფესიის არჩევას ეხება, შეცდომას, როდესაც ჩვენ ვერ ვირჩევთ რა დავიწყოთ, რა ავირჩიოთ, რა ვაკეთოთ.

ადამიანები დაუშვებენ შეცდომებს, ეს ბუნებრივია და საჭიროა უზარმაზარი მხარდაჭერა მშობლების მხრიდან, რომ ბავშვებმა იცოდნენ, ამ შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა და წინსვლა, მცდელობების განახლება რომ შეიძლება...რომ არანაირი შეცდომა არ იქნება იმის საფუძველი, მათ ვუთხრათ: "შენ მე იმედი გამიცრუე, შენ გული გამიტეხე, მე ძალიან უბედური დედა/მამა ვარ".

4. არჩევანის თავისუფლება, დამოუკიდებლობა

არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა - ეს საერთოდ, ყველაზე ძნელად გამოსამუშავებელი უნარია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ თანამედროვე ცივილიზაცია, სწორედ, არჩევანის თავისუფლებას ესხმის თავს.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი უსაფრთხოება გვჭირდება. მობილური ტელეფონები კიდევ არაფერია იმასთან, რაზეც ცოტა ხნის წინ საუბრობდნენ და ადამიანები სრულმა პანიკამ მოიცვა: რომ ახალშობილებისთვის ჩიპების ჩანერგვა უნდა განიხილონ, რათა მათი ადგილსამყოფელი იცოდნენ, თუ მათი პოვნის ან არასასურველი ქმედებისგან დაცვის საჭიროება შეიქნება.

ამ ვითარებაში, ჩვენ როგორღაც ვალდებულებიც ვართ მოვთოკოთ ბავშვის თავისუფლების სიყვარული, ეს ჟინი, ცნობისმოყვარეობა და სიცოცხლის ხალისი, არსებობის გამო ბედნიერების განცდა და თავისუფლებით სარგებლობის უნარი ჩარჩოებში მოვაქციოთ.

რაც ძალიან ძნელი ამოცანაა, ჩვენ ხანდახან თავადაც არ ვიცით, საკუთარ თავისუფლებას რა ვუყოთ ან როგორ დავიცვათ იგი, მითუმეტეს, ძნელად გაგვეგება, სად გადის ზღვარი, როგორ გამოვუმუშაოთ შვილებს სწორი ინდივიდუალური შეგრძნება და განცდა თავისუფლების სიყვარულისა.

«მატრიცა» გახსოვთ? ოდესღაც რომ ვნახეთ და გავგიჟდით, აღვფრთოვანდით, გვეუცნაურა. აბა, გაესაუბრეთ ამაზე თანამედრვე ბავშვებს, მათ საინტერესო შეხედულებები აქვთ ამ თემების შესახებ. ისინი მჩვეულები არიან, რომ ყველაფერი და ყველაზე საინტერსო მოვლენა ვირტუალურ რეალობაში ხდება, რომ ცხოვრება - ეს ერთი დიდი მოსაწყენი ტიპია, ეს არის რეფერატი საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში, ან რამე ასეთი "სუპერბორინგი", ხოლო "ექშენი", საინტერესოობა, ვნება, ჟინი და უამრავი ძალიან მაგარი რამ - ეს ყველაფერი ვირტუალურ რეალობაში ხდება. ეს არის თამაშები, სერიალები, ფილმები, ანიმაციები.. ეს ყველაფერი იქაა, სადღაც, კომპიუტერში.


ყოველდღიურად თქვენ შეგიძლიათ პატარა ნაბიჯი გადადგათ სწორი მიმართულებით, ბავშვის წარმატებული და ჰარმონიული მომავლისაკენ, თუ მას დაეხმარებით დაეუფლოს 21 საუკუნის უნარებს: კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების უნარს, ემოციურ ინტელექტს, ბიზნესაზროვნებას, ჯგუფური მუშაობის თვისებებს, ფინანსურ და დროის მართვით უნარებს. ყველაფერი ეს მომავალში გამოიღებს საჭირო ნაყოფს.

კარგია, თუ ბავშვს მიმართულებას გულისხმიერი, პროგრესულად მოაზროვნე ტრენერი მისცემს და თუ ის იქნება თავისნაირი, ენთუზიაზმით სავსე თანატოლების გარემოცვაში.

ჩვენს თბილისის საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start - ში გვაქვს კურსი, სახელად "21 საუკუნის უნარები" ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელიც შედგება შთამბეჭდავი, ძალიან საინტერესო ტრენინგებისაგან და რომელიც სწორედ იმ თვისებებისა და უნარების გავითარებას ემსახურება, რომელიც თქვენს შვილს მოამზადებს, რომ ჰქონდეს ბედნიერი, წარმატებული და საინტერესო ცხოვრება
ლექციის ავტორი: ლუდმილა პეტრანოვსკაია
https://lifedeeper.ru - ს მასალების მიხედვით