Smart start-ის ბიბლიოთეკა

როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ დაწყებითი კლასის მოსწავლეს

წარმატებული ბავშვების მშობლებს, თითქმის, იდენტური ჩვევები აქვთ და ეს დაკავშირებულია, არა იმდენად სწავლასთან, რამდენადაც აღზრდის მეთოდებსა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების მოდელირებასთან.
168.

აი, ამდენი საათია კვირაში

ხანდახან გვეჩვენება, ათი ამდენიც რომ იყოს და საკუთარი 2-2 ალტერნატივაც გაგვაჩნდეს, მაინც არ იქნებოდა ბავშვისთვის საკმარისი. დილიდან დაღამებამდე, დღითი-დღე იმდენი რამ სჭირდებათ, ერთი ცენტნერი საშინაო დავალებით დაწყებული, დამატებითი წრეებით და გაკვეთილებით გათავებული, რომ აღარაფერი ვთქვათ დასასვენებლად დაგეგმვა-წაყვანაზე, ოჯახისწევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობაზე, ხოლო დღეობებსა და მნიშვნელოვან თარიღებს ხომ ნუღარ იტყვით!
ყოველივე ამის ფონზე გამუმდებით დაგვყვება განცდა, რომ ვერაფერს ვასწრებთ, რომ ყველაფერი გამოვტოვეთ, რომ კვირაში168 საათი ძალიან, ძალიან ცოტაა.
მშობლები უდიდესი სერიოზულობით ეკიდებიან შვილების განათლების საკითხს, მაგრამ იშვიათად იციან, როგორ დაეხმარონ სწავლაში და როდისაა უმჯობესი, თუ, საერთოდ, არ ჩაერევიან.
განსაკუთრებით მძაფრად ეს საკითხი დაწყებით კლასში დგას, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ იწყება, ისხმება ფუნდამენტი პატარას ცნობიერებაში და ყალიბდება ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულება, რომელიც მერე მთელ ცხოვრებას გასდევს.

მასწავლებლად მუშაობის ჩემი პრაქტიკა საფუძველს მაძლევს ვთქვა, რომ წარმატებული ბავშვების მშობლები პატარებს სწავლაში, დაახლოებით, იდენტურად ეხმარებიან და ამ ჩვევის ძირეული, მთავარი პათოსი მათ შვილებს კომფორტულად, ეფექტურად და სიხარულით სწავლის საშუალებას აძლევს. ბევრისთვის, ალბათ, გასაკვირიც იქნება, თუ დავძენ, რომ ეს მეთოდები სრულებით არ არის დაკავშირებული თავად სწავლებასთან, არამედ ბავშვის აღზრდის სტილსა და საკუთარი დამოკიდებულების მოდელირებასთან ცხოვრებასთან მიმართებაში.

უამრავ კვლევასთან გაცნობისა და მშობელი-შვილის ურთიერთობაზე დაკვირვების შემდეგ ჩემი სასკოლო პრაქტიკის განმავლობაში, 9 ძირითადი ოჯახიდან მომავალი ტაქტიკა შევამჩნიე, რომელსაც წარმატებული ბავშვების მშობლები ნებსით თუ უნებლიეთ მიმართავდნენ.

1. ყურადღება და პოზიტივი, იგივე კეთილგანწყობა ბავშვისადმი

ზოგიერთი ბავშვი სკოლაში ცუდად სწავლობს, იმ მიზეზით, რომ საკუთარ თავში არაა დარწმუნებული და დაბალი თვითშეფასება აქვს. თავდაჯერებულ, ადეკვატური თვითშეფასების მქონე მოსწავლეს გაცილებით მეტი შანსი აქვს, მიაღწიოს წარმატებას, ვიდრე დამცირებულს, უუფლებოსა და სიყვარულს მოკლებულს.

ხშირად შეახსენეთ ბავშვს, რომ გიყვართ და რომ თქვენი სიყვარული არ არის დამოკიდებული ნიშნებზე. ეს მის ენთუზიაზმსა და თვითრწმენას გააძლიერებს, რაც საბოლოოდ მოსწრებაზეც აისახება.

და ძალიან გთხოვთ, ბევრი დრო გაატარეთ ერთად, თუნდაც, მხოლოდ, საღამოს ბრუნდებოდეთ სახლში სამსახურიდან, თუნდაც, მხოლოდ, შაბათ-კვირას იცლიდეთ. გადადეთ ტელეფონი და იყავით თქვენს შვილთან - მთელი ყურადღებით მისკენ. ეთამაშეთ მას, ესაუბრეთ. ჩემი პირადი გამოცდილებით, ხშირად ვხედავ ხოლმე ბავშვებს, რომლებიც განგებ სწავლობენ ცუდად, რათა მშობლების ყურადღება მიიქციონ.

ნუ შეადარებთ ბავშვს სხვა კლასელებს ან სხვა ნაცნობებს. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ.

ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ თავად მასთან - უფრო ადრინდელ პერიოდში და, ამავდროულად, აუცილებლად, უნდა აღნიშნოთ პროგრესიც: ადრე შენ არ შეგეძლო ქვეშმიწერით გამრავლება, ახლა კიდევ 1 წუთში აკეთებ...

მოერიდეთ მაქსიმალისტურ მსჯელობას: ნუ ეტყვით, რომ ის ყოველთვის ასეთი და ასეთია (მუდამ ყველაფერი ავიწყდება, ყოველთვის ეფანტება გონება დ.ა.შ.) თუ პრობლემა შეიქმნა, განიხილეთ კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ნუ განავრცობთ მას ყველასა და ყველაფერზე.

თავი აარიდეთ პანიკას, რომ "ამას აღარაფერი ეშველება": "იმდენი გამოტოვე, რომ ვეღარ დაეწევი", "ისე გვიან დაჯექი სამეცადინოდ, ვეღარაფერს მოასწრებ"... ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ დადებით მხარეზე: უკვე, რა თქმა უნდა, ძალიან გვიანია სამეცადინოდ, შეეცადე, უმთავრესი გააკეთო და ხვალ მეცადინეობა ადრევე დაიწყო.

2. მშობლების პოზიტიური დამოკიდებულება სწავლის პროცესისადმი

კვლევებით დადასტურებულია, რომ განათლებული მშობლების შვილები გამორჩეულად წარმატებულები არიან სწავლაში. საიდუმლო გახლავთ ოჯახის კეთილგანწყობა სასწავლო პროცესისადმი: მშობლები აფასებენ ცოდნას - შვილებიც პატივისცემით, გულმოდგინედ ეკიდებიან ამ ცნებას.
რა შეიძლება ისწავლოთ პატარებისგან? - ესაა სწავლის პროცესით განცდილი ბედნიერება. ბავშვები აღმერთებენ სიახლეებს, რაღაც ახლის აღმოჩენას, როდესაც ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ, დაეხმარეთ მიუდგნენ უცხო მასალას, სწორედ, ამ პრინციპით. ეს მათ ძირითად, ფუნდამენტურ განწყობას შეუქმნის სწავლისადმი და ის იქნება უპირობოდ დადებითი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დროთა განმავლობაში სწავლის პროცესი ისედაც გადადის რუტინაში და მას დიდი აღფრთოვანება, მაინცდამაინც, ვეღარ მოაქვს.

თქვენი მაგალითით აჩვენეთ, რომ ადამიანები სწავლობენ მუდამ, მთელი ცხოვრების მანძილზე, და რომ სწავლა სასარგებლო ჩვევებსა და ცოდნას იძლევა, რაც გეხმარებათ მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც გსურთ. რეგულარულად იკითხეთ და გაუზიარეთ ბავშვს სიახლეები. ხოლო, თუ მის კითხვაზე პასუხი არ გაქვთ ერთად მოიძიეთ ის და განიხილეთ ძებნის რეზულტატი.

3. კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა

კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე მოწაფეები, სხვებთან შედარებით, უკეთ და ადვილად სწავლობენ. ეს ფაქტორები ბევრად მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე ნიჭი. შრომისმოყვარე, მიზანდასახული ბავშვი ყოველთვის მეტ წარმატებას მიაღწევს.

თქვენ, თქვენის მხრივ ყოველდღიურად უნდა აჩვენოთ შრომისმოყვარეობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი, მოახდინეთ მათი მოდელირება, იქნება ეს საოჯახო საქმეები თუ სხვა რამ და ხაზი გაუსვით მომენტებს, როდესაც საქმეს სათანადოდ ასრულებთ.

ჩაუნერგეთ ბავშვს, იყოს მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი. სახლში ყოფნისას ესაუბრეთ უახლოეს და სამომავლო გეგმებზე და იმის შესახებაც, ამას როგორ უნდა მიაღწიოთ. მოუყევით თქვენს სამსახურში მომხდარ ახალ ამბებს, ჰკითხეთ მას რჩევა. მოელაპარაკეთ მის საშინაო მოვალეობებზე და წააქეზეთ, რომ მათ თქვენი შეხსენების გარეშე გაართვას თავი.

და იყოლიეთ შინაური ცხოველი: პასუხისმგებლობა კარგად ვითარდება, როდესაც ბავშვს შინაური ცხოველისა თუ მცენარის მოვლა უხდება.

4. მოსწრებისადმი ადეკვატური დამოკიდებულება

ხანდახან მშობლებისთვის ნიშნები ბევრ რამეზე წინ დგას. ასეთ შემთხვევაში სასკოლო წარუმატებლობებმა შეიძლება ბავშვის თვითშეფასების დაცემა და მისი დემოტივირება გამოიწვიოს. აქ მნიშვნელოვანია ბავშვისგან არ გვქონდეს ჭარბი/აღმატებული მოლოდინი და არ შევაფასოთ ის პიროვნულად ნიშნებიდან გამომდინარე. ნუ მოსთხოვთ, იყოს იდეალური.

წარუმატებლობა და სირთულე სკოლაში - სწავლის პროცესის თანამდევი, სავსებით ნორმალური მოვლენაა. დაეხმარეთ ბავშვს გაუმკლავდეს წარუმატებლობებს და ისწავლოს შეცდომების მაგალითებზე: განიხილეთ მასთან ერთად, რა გააკეთა არასწორად და როგორ უნდა გამოასწოროს სიტუაცია. აჩვენეთ საკუთარი მაგალითით, როგორ უმკლავდებით ამა თუ იმ სირთულეებს და როგორ ხართ განწყობილი საკუთარი პრობლემების მიმართ.

ასწავლეთ ბავშვს მეტად კონცენტრირდეს გამოცდილებასა და უნარებზე და ნაკლებად - შეფასებებზე. პერსპექტივაში ეს მეცადინეობას უფრო ეფექტურს და შედეგიანს გახდის.

5. დღის რეჟიმი

დიახ-დიახ, ყველამ იცის, რომ ბავშვებმა კარგად უნდა გამოიძინონ, დაისვენონ და სპორტზე იარონ.

მაგრამ ხანდახან, დამატებითი საგნების სწავლებისა და წრიდან-წრეზე ტარების გაწამაწიაში მშობლებს ეს ფაქტორები ყურადღების მიღმა რჩებათ.
აქ ყველაფერი ძალიან მარტივია.

თუ ბავშვი ვერ გამოიძინებს, ის ვერ შეძლებს პროდუქტიულად იაზროვნოს. მისთვის აუცილებელია 24 საათში 8 საათს იძინოს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძილის დროს ტვინი არ ისვენებს, არამედ დღის განმავლობაში მიღებული ახალი ინფორმაციის ათვისებითაა დაკავებული და გამუდმებით მუშაობს.

გამოძინებული ბავშვები უფრო სწრაფად სწავლობენ, უკეთ ახდენენ კონცენტრირებას და ეფექტურად იმახსოვრებენ სიახლეებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კვებაც: არც ჭარბი და არც არასაკმარისი. ბავშვის კვების რაციონში ჩართეთ ცხიმიანი თევზი, ომეგა 3 - ით მდიდარი კვერცხი და თხილეული.

ყურადღება მიაქციეთ წყალსაც. ბავშვმა საკმარისი წყალი უნდა დალიოს. უყიდეთ მას მრავალჯერადი გამოყენების ლამაზი ბოთლი და ასწავლეთ რეგულარულად სვას და კვლავ აავსოს ხოლმე.

სპორტისთვის დათმობილი რამდენიმე დღე კვირაში ტვინს დატვირთვასთან გამკლავებაში ეხმარება. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მეხსიერება და აზროვნების უნარი ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთში გაუმჯობესებას იწყებს.

დასვენებაც სწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საუკეთესო დასვენება - თამაშია. მეცადინეობებს შორის სავალდებულოა შესვენებების გაკეთება: ყოველ 25-30 წუთში. აქტიური სასწავლო პროცესის დროს, ყოველ მიზეზს გარეშე, უნდა დაისვენონ 5-10 წუთს მაინც.

საშინაო დავალებებისთვის დრო დღისით ან ადრიან საღამოს უნდა გამონახოთ, არავითარ შემთხვევში ღამით. საუკეთესო ვარიანტია, თუ მეცადინეობას ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დათქვამთ, ეს ბავშვს დაეხმარება სწავლის კულტურის/ჩვევის გამომუშავებაში.ყველაზე რთული მასალა უმჯობესია, ძილის წინ გაამეორებინოთ – მიღებულ ინფორმაციას ტვინი ღამით უკეთ დაამუშავებს - და დილით ყველაფრის გახსენება გაცილებით გაუმარტივდება!
ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტორსაც, თუ, როგორ პირობებში მეცადინეობს თქვენი შვილი სახლში ყოფნისას:: სამზარეულოში, ჩართულ ტელევიზორთან, კომპიუტერთან თამაშებსა და "ჩათებს" შორის, თუ განცალკევებულ ოთახში, სადაც არაფერი უფანტავს გონებას?

მოუწყვეთ ბავშვს სამუშაო მაგიდა და დაე, იყოს ის ლამაზთან ერთად კომფორტულიც. მოაშორეთ ყველაფერი, რასაც შეუძლია, ხელი შეუშალოს და შეეცადეთ, არც თავად მოაცდინოთ.

6. ზომიერი დატვირთვა

ზოგიერთი ბავშვი მთელ დღეს დაკავებულია და ხშირად, უფროსებზე მეტადაც: სკოლის შემდეგ ისინი ათას წრესა და გაკვეთილზე, იქედან ორ-სამ განსხვავებული სახეობის სპორტზე დადიან, ბევრ საგანში რეპეტიტორებიც დაუდით... ამას ემატება ნათესავ-მეგობრები, ურთიერთობები, ინტერნეტი, თამაშები...

და მუდმივად დგას დასვენების პრობლემა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, აღარცერთი წუთი აღარ რჩება თავისუფალი.

ნუ შეეცდებით დაუძლეველის დაძლევას, ნუ ჩაწერთ ბავშვს 10 წრესა და გაკვეთილზე. უმჯობესია, თავად მას მისცეთ უფლება თავისი მისწრაფება და ინტერესის სფერო ამოარჩიოს და, მხოლოდ, ამის შედეგ ატარეთ შესაბამის სტუდიაში.

რეპეტიტორსაც, მხოლოდ, უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ: გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ან იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც საგანს ბავშვი თავად ვერაფრით ვერ ძლევს, მაგრამ, პირველ რიგში სანამ ამ ზომას მიმართავთ, შეეცადეთ საკუთარი ძალებით გაუმკლავდეთ ვითარებას.

სკოლაში წამოჭრილი პრობლემების უმრავლესობის გადაჭრა ძალიან მარტივია: დაელაპარაკეთ მასწავლებელს და ჰკითხეთ ბავშვს, რაში მდგომარეობს პრობლემის არსი. შეიძლება, რაღაც ახალი თემა გამოტოვა, გააცდინა და ამის გამო ახალი მასალის აღქმა უჭირს, იქნებ ყურადღებით არ არის გაკვეთილებზე, იქნებ კიდევ რაღაც, რაც არ იცით და რისი ცოდნაც დაგეხმარებოდათ.

ჩემი 12 წლიანი სწავლების პრაქტიკა მაჩვენებს, რომ სინამდვილეში სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით, პირველ წლებში, დამატებით რეპეტიტორის დახმარება, ცოტას თუ სჭირდება.

ყურადღება მიაქციეთ, დატვირთვა იყოს ასაკის შესაბამისი.

როდესაც მეკითხებიან, როგორი რეპეტიტორი სჯობს დაიქირაონ პირველკლასელებისთვის, მე ვპასუხობ, რომ საერთოდ არანაირი რეპეტიტორის აყვანა არ არის საჭირო. სკოლა ისედაც საკმარისად ტვირთავს ამ ასაკის პატარებს, მათ არავითარი დამატებითი გაკვეთილი არ სჭირდებათ. პირველკლასელ ბავშვს ბევრი თამაში(დიახ, სწორედ, თამაში) ესაჭიროება, ასევე ბევრი დასვენება და დროის მშობლების გარემოცვაში გატარება - მხოლოდ, ასეთ ვარიანტში იქნება მისთვის სწავლა ეფექტური და სასიამოვნოც.

7. დაეხმარეთ ბავშვს თავისი დროის ორგანიზებაში

ყველა მოზრდილმა იცის, რომ საქმე ხან სასწრაფოა, ხანაც არც ისე; ხანდახან მნიშვნელოვანი, ხანაც არც ისე.
მაგრამ ბავშვებს ამისი ანალიზი ძალიან უჭირთ და მათთვის მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეების დეფინიცია, სრულებით, არ გახლავთ ცხადზე უცხადესი.

ბავშვებისთვის ტესტისთვის მზადება, წიგნების კითხვა და კომპიუტერის თამაში შეიძლება იყოს, აბსოლუტურად, თანაბარმნიშვნელოვანი და თანაბრად სასწრაფო.

ამიტომ, ხშირად განიხილეთ ბავშვთან ერთად რა მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი ამ საღამოსთვის და რა არც ისე. მაგალითად: მოამზადოთ სადილი, გაასეირნოთ ძაღლი, ითამაშოთ კომპიუტერი, ესაუბროთ მეგობარს.

ერთად ივარჯიშეთ მიზნების დასახვაში: დედას ზაფხულისთვის წონაში დაკლება უნდა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია სატრენაჟორო დარბაზში სიარული ყოველ საღამოს ან არ ჭამოს ბევრი ტკბილეული.
ამგვარადვე, ასწავლეთ ბავშვს, თავადაც დასახოს მიზნები: კვირას მეგობართან სურს სტუმრად წასვლა? მაშინ, როგორც ჩანს, საჭიროა, შაბათს მოამზადოს გაკვეთილები.

შემდეგ – უფრო დროში გათვლილი მიზნები: თუ უნდა, რომ ინგლისურის ტესტში კარგი შეფასება მიიღოს, საჭიროა ყოველდღე ისწავლოს უცხო სიტყვები, იკითხოს ტექსტები და აკეთოს დავალებები, აქტიურად იმუშაოს გაკვეთილზე, დასვას კითხვები, ჩაიწეროს შენიშვნები კონსპექტების სახით და ტესტის წინ დროულად გადაიმეოროს.

ბავშვობიდანვე ჩემი პრინციპი გახლდათ შემდეგი: ჯერ საქმე – მერე სეირნობა. სახლში დაბრუნებული ჯერ ყოველთვის ვმეცადინეობდი და მერე მივდიოდი სადმე მეგობრებთან ერთად. ერთის მხრივ, ეს ერთგვარი სტიმული იყო: ძალ-ღონე მომეკრიბა და ეფექტურად სწავლაზე ვკონცენტრირებულიყავი, რომ მალე დამემთავრებინა; მეორეს მხრივ კი, რაკიღა გაკვეთილებს ძალიან სწრაფად ვამზადებდი, მიხაროდა, რომ ყოველთვის მრჩებოდა დრო დასვენების, სეირნობისა და კარგი ძილისთვის.

8. მოთმინება, მოთმინება, მოთმინება

არის ასეთი ხუმრობა, რომ დიდი მონდომების და სურვილის მიუხედავად, შეუძლებელია, ბავშვი 9 თვეზე ადრე დაბადო... ზოგიერთ რამეს, უბრალოდ, დრო სჭირდება.
ხანდახან მშობლები ძალიან ჩქარობენ, ცდილობენ, ბავშვებს ყველაფერი ერთად ასწავლონ: კითხვა 2 წლის ასაკში, ინგლისური 3 წლისას ესმოდეს, წერა 4-ს რომ გახდება, 5-სა მათემატიკურ ფესვს იღებდეს სამნიშნა რიცხვიდან...

გადაჭარბებული დატვირთვა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და რეკომენდებულიც არ გახლავთ, იწვევს სტრესს და დაღლილობას.

ხშირად, პირველი წარუმატებლობისა თუ მარცხის დროს, მშობლები ნაწყენდებიან და თავს ვერ იკავებენ, რომ იმედგაცრუება არ გამოხატონ, ამის შემხედვარე ბავშვი კარგავს საკუთარი თავის, ძალების რწმენას და უვითარდება სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.

როდესაც მშობლები შვილების მოსწრებასა თუ პატარა დაბრკოლებებზე ნერვიულობენ, აჰყავთ რეპეტიტორები, რასაც ბავშვის ფაქიზი ბუნება კიდევ უფრო ძლიერ დატვირთვამდე მიჰყავს, უმძაფრებს სტრესს, დაღლილობას და ასე დაუსრულებლად.

მითმინებით მოეკიდეთ ბავშვის განვითარების პროცესს. სკოლამდელ ასაკში და ფრესქულში თამაში და სოციალური ჩვევები - სწავლასა და ცოდნაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ ისიც, რომ არანაკლებ აუცილებელია ბავშვისთვის შეძლოს პობლემის გადაჭრა, გაუმკლავდეს წარუმატებლობას და თავის შეცდომებზე ისწავლოს.

9. ნუ აჩუქებთ თევზს, უმჯობესია თევზაობა ასწავლოთ

ასწავლეთ, როგორ ისწავლოს.

ნუ გაუკეთებთ და ნურც გააკეთებინებთ გაკვეთილებს. ზედმეტი მზრუნველობა და კონტროლი ბავშვს ადუნებს და შედეგად, ის მუდმივად დახმარების, მითითების და მხარდაჭერის მოლოდინში იმყოფება.

მიეცით ბავშვს შესაძებლობა, დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა გამოავლინოს.

ასწავლეთ მას, როგორ გაუწიოს ორგანიზება დროს, როგორ იმუშაოს ეფექტურად, როგორ დასახოს მიზნები და მიაღწიოს მათ, ხოლო სწავლის პროცესი, მხოლოდ, მას მიანდეთ.

რა თქმა უნდა, თუ ბავშვი რჩევას ან რთული მასალის ახსნას გთხოვთ, აუცილებლად, უნდა დაეხმაროთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ,ვთქვათ, ამოცანა მის მაგივრად ამოხსნათ, განუმარტეთ პრობლემის გადაჭრის პრინციპი. ხოლო კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ურჩევთ, როგორ მოიქცეს, რომ თავად იპოვოს პასუხი თავის კითხვაზე.

მაგალითად, თუ ბავშვმა სკოლა გააცდინა, ახალი საკითხი არ მოუსმენია და არ იცის, როგორ ამოხსნას უცნობი მაგალითი, ურჩიეთ, მოძებნოს გამოტოვებული პარაგრაფი, წაიკითხოს და შემდეგ მოგმართოთ კითხვებით, თუ კიდევ დაებადება..

თუ ბავშვმა კარგად ვერ გაიგო კლასში ახსნილი ახალი მასალა, ურჩიეთ, მასწავლებელს დაუსვას კითხვები გაკვეთილის შემდეგ ან კლასელებს სთხოვოს, დახმარება.

ამგვარად თქვენ თქვენს შვილს აძლევთ წარმატებული სწავლისა გასაღებს და უნერგავთ არ დაკარგოს თავდაჯერება ნებისმიერ ვითარებაში.

ყველაზე კარგი, რაც შეგიძლიათ, საკუთარ შვილს მისცეთ, გახლავთ ცოდნა იმისა, თუ როგორ შეუძლია მოიძიოს, გაიაზროს, და დაიმახსოვროს ინფორმაცია.
სწავლების ყველა ეს ტაქტიკა ჩვენ ჩვენს "ჩექ-ლისთში" მოვაგროვეთ:

«9 ეფექტური და ყოველდღიური ნაბიჯი სკოლაში წარმატების მისაღწევად»
ჩამოკიდეთ ეს ჩექ-ლისთი კედელზე - და, ნამდვილად, არ დაგავიწყდებათ, რა შეგიძლიათ, გააკეთოთ დღესვე, რომ ხვალ თქვენი შვილი მარტივად და წარმატებით სწავლობდეს.

დააჭირეთ ბმულს და ჩამოტვირთეთ «წარმატების 9 ნაბიჯი», რომელიც დაგეხმარებათ მხარში დაუდგეთ თქვენს შვილს მაშინ, როდესაც ის სწავლაში პირველი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს ან თუნდაც პროცესში.
ჩვენ, თბილისის საბავშვო ბიზნესსკოლა Smart Start - ში, ბავშვებს ვასწავლით - ისწავლონ მარტივად და ეფექტურად.

მაინც რაში მდგომარეობს ეფექტური თაიმ მენეჯმეტრის საიდუმლო? როგორ გამოვიყენოთ ინდივიდუალური აზროვნების წამყვანი ტიპი და დავიმახსოვროთ ყველაფერი ზეპირობის გარეშე? როგორ გამოვყოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია? როგორ ვისწავლოთ, რომ არ დაგვავიწყდეს?

ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი რამ ჩვენს კურსზე "ვსწავლობთ სწავლას" 8-12 წლის ბავშვებისთვის.
გამოყენებული მასალა: www.oxfordlearning.com, www.lifehacker.ru, www.daniel-wong.com, www.psychcentral.com, www.extension.udel.edu